Სარჩევიchevron-down
რა გზებით შეიძლება კრიპტოვალუტა უფასოდ გამოიმუშაო?
კრიპტო ეირდროპები (Airdrop)
ითამაშე და გამოიმუშავე კრიპტო
რეფერალები - მიიღე კრიპტოვალუტა შენი მეგობრისგან
ინტერნეტ ბრაუზერები და საძიებო სისტემები
კრიპტო დავალებების შესრულება
შეჯამება
Georgian wordings on the left side of the visual with falling Bitcoins on the right side 1000x300
2024-04-17clock5 minutes

რა გზებით შეიძლება კრიპტოვალუტა უფასოდ გამოიმუშაო?

მაშინ, როდესაც კრიპტოვალუტა და ეს ინდუსტრია კიდევ უფრო პოპულარული ხდება, უამრავი ადამიანი ინტერესდება როგორ შეიძლება ფულის გამომუშავება, განსაკუთრებით კი უფასოდ, ყოველგვარი წინასწარი ინვესტირების გარეშე. 2024 წელს კი, არსებობს უამრავი გზა, რომლის გამოყენებითაც კრიპტოს გამომუშავება არის შესაძლებელი. თუმცა, მნიშვნელოვანია რომ ბლოგი ყურადღებით წაიკითხო და ერიდო თაღლითურ სქემებს.

მოკლედ, ამ ბლოგში გეტყვით იმ მეთოდების შესახებ, რომლებითაც შეძლებ კრიპტო გამოიმუშაო. ყოველი სტრატეგია განსხვავებულია და სხვადასხვა ძალისხმევა სჭირდება, თუმცა მიზანი ერთია - უფასო კრიპტოვალუტა.

კრიპტო ეირდროპები (Airdrop)

კრიპტო ეირდროპები ამ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, მარტივი და გავრცელებული გზაა გამოიმუშაო უფასო კრიპტო, ხოლო პროექტებისთვის ეს არის მეთოდი, მომხმარებლებს დაურიგონ ციფრული აქტივი და მის მასშტაბურ გავრცელებას ხელი შეუწყონ. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტური ხდება ახალი კრიპტო პროექტების გაშვების დროს.

ტოკენისა თუ ქოინის გავრცელებას კი, უამრავი მიზეზი აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი კი, კრიპტოს პოპულარობის ზრდა და მის მიმართ დაინტერესების გავრცობაა. უფასო კრიპტოს შეთავაზებით, პროექტი მეტ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას ჩაერთონ თავიანთ პროდუქტში, სანაცვლოდ კი, ადამიანებს აქვთ შანსი გამოიმუშაონ უფასო კრიპტოვალუტა.

იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღო კრიპტო ეირდროპში, აუცილებლად დაგჭირდება კრიპტო საფულე. ამგვარი ტიპის საფულე, მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს, შეინახოს და მართოს საკუთარი კრიპტო აქტივები უსაფრთხოდ და მარტივად. გაითვალისწინე, ყველა კრიპტოვალუტის შესანახად შესაბამისი კრიპტო საფულე და მისამართი დაგჭირდება. მაგალითად, იმისათვის რომ ბიტკოინი შეინახო, ბიტკოინის საფულე დაგჭირდება. თუკი მეტი ინფორმაცია გინდა მიიღო კრიპტო საფულეების შესახებ, შეგიძლია ჩვენი ბლოგი წაიკითხო, სადაც კრიპტო საფულე ცხოვრებისეული ტერმინებით მარტივად გვაქვს განხილული.

ითამაშე და გამოიმუშავე კრიპტო

ითამაშე და გამოიმუშავე ტიპის თამაშები ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა, რითაც კრიპტოვალუტა და სათამაშო ინდუსტრია ერთმანეთს დაუკავშირდა. ასეთი ტიპის თამაშები მომხმარებლებს აძლევენ შესაძლებლობას თამაშით მიიღონ სიამოვნება, პარალელურად კი გამოიმუშაონ უფასო კრიპტოვალუტა და ციფრული აქტივები.

კრიპტოს გამომუშავება თამაშის შიგნით კი, როგორც წესი დაკავშირებულია სხვადასხვა დავალებებისა და გამოწვევების შესრულებასთან. როდესაც მოთამაშე ამ დავალებებს ასრულებს, სანაცვლოდ იღებს გარკვეული რაოდენობის კრიპტოს. ეს ჯილდო და კრიპტო კი, მათ შეუძლიათ ამავე პლატფორმებზე გამოიყენონ სხვადასხვა მიზნისთვის, ან სულაც რეალურ სამყაროში, ნაღდ ფულში გადაცვალონ.

ითამაშე და გამოიმუშავე კრიპტოს ტიპის აქტივობების მთავარი პლიუსი არის ის, რომ მოთამაშე საკუთარ დროს სიამოვნებით ხარჯავს, სანაცვლოდ კი გარკვეულ კრიპტოსა და ქოინებს იღებს, რომელთა ფასიცა და ღირებულებაც დროის მონაკვეთში შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.

Axie Infinity, DeFi Kingdom და Gods Unchained არის რამოდენიმე პოპულარული ითამაშე და გამოიმუშავე ტიპის თამაში. მაგალითად, აქსი ინფინიტი არის ბლოკჩეინ თამაში, რომელიც მოთამაშეებს აძლევს შესაძლებლობას დააგროვონ თამაშში არსებული ღირებული ნივთები. დამატებით, მოთამაშეებს შეუძლიათ ეს ღირებული ნივთები ბლოკჩეინის მშობლიურ კრიპტოვალუტა AXS-ში გადაცვალონ და გაანაღდონ ან სურვილისამებრ გამოიყენონ.

რეფერალები - მიიღე კრიპტოვალუტა შენი მეგობრისგან

უამრავი კრიპტო ბირჟა ან პლატფორმა, სწორედ ისეთი როგორიც Binance და Coinbase არიან, მომხმარებლებს რეფერალურ პროგრამას და მისი დახმარებით უფასო კრიპტოვალუტის გამომუშავების შესაძლებლობას აძლევენ. რეფერალურ პროგრამაში მონაწილეობისას, გენერირდება შენი უნიკალური ლინკი, რომლის მეშვეობითაც თუ ვინმე დარეგისტრირდება რომელიმე კრიპტო ბირჟაზე, შეგიძლია მისი ნავაჭრიდან უფასო კრიპტოვალუტა შენ მიიღო.

ზოგან კი, რეგისტრირებისას, ახალი მომხმარებელიცა და ლინკის მფლობელიც იღებენ გარკვეულ ჯილდოს. ჯილდო როგორც წესი კრიპტო აქტივში გამოიხატება, რომელიც ნავაჭრის საკომისიოებიდან გენერირდება. ხოლო ჯილდოს რაოდენობა დამოკიდებულია ინდივიდუალურად კრიპტო ბირჟებსა და პლატფორმებზე.

მაგალითად, Cryptal მომხმარებლებს სთავაზობს რეფერალურ პროგრამას, სადაც შეგიძლია სხვა ადამიანის ვაჭრობის შედეგად გადახდილი საკომისიოებიდან მიიღო გარკვეული პროცენტი. მომხმარებლებს რეფერალურ პროგრამას სთავაზობს ისეთი პლატფორმები, როგორიც Mycoins, Coinmania, ბაინანსი და Bitnet არის.

როგორც ვახსენეთ, რეფერალური პროგრამა რამოდენიმე მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, მისი მიზანია მომხმარებლებს მისცეს მოტივაცია გამოიყენოს კონკრეტული პლატფორმა და კრიპტო ბირჟა. ასევე, მისი დანიშნულებაა, რომ მოიზიდოს ახალი მომხმარებლები.

ინტერნეტ ბრაუზერები და საძიებო სისტემები

ბოლო პერიოდში რამოდენიმე ინტერნეტ ბრაუზერმა საკუთარ პლატფორმაში ჩააშენა სისტემა, რომლის დახმარებითაც თუ მომხმარებელი საძიებო სისტემასა და ამ ბრაუზერს იყენებს, იღებს უფასო კრიპტოვალუტას.

ერთ-ერთი ასეთი მაგალითი ვებ ბრაუზერი Brave არის, რომელიც მომხმარებლებს ინტერნეტ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეკლამების ყურების სანაცვლოდ Basic Attention Token (BAT)-ს სთავაზობს. უფასო კრიპტოვალუტის მიღება სრულად დამოკიდებულია მომხმარებლების ნება-სურვილზე, ჯილდოს მიღების შემდგომ კი, მათ ამ კრიპტოს გადაცვლა შეუძლიათ სხვა ნებისმიერ კრიპტოვალუტაში.

რათა მსგავს აქტივობებში ჩართვა და უფასო კრიპტოვალუტის გამომუშავება შეძლო, საჭიროა რომ დარეგისტრირდე და ავტორიზაცია გაიარო ბრაუზერის შიგნით არსებულ სისტემაში. ბრეივის გარდა, სხვა ბრაუზერებსაც აქვთ მსგავსი შესაძლებლობა და ყველა პლატფორმის სისტემა განსხვავებულია.

მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებმა ყურადღებით მიადევნონ თვალი, სად და როგორ რეგისტრირდებიან, რათა არ მოექცნენ თაღლითურ სქემებში. აუცილებელია, რომ ჩაატარო მოკვლევა და უფასო კრიპტოს გამომუშავება ცნობილ ვებ ბრაუზერში დაიწყო. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომხმარებლებს არ უწევთ წინასწარი ინვესტირების განხორციელება, რაც მათ თავიდანვე დაცულს ხდის სხვადასხვა ყალბი სქემებისაგან.

კრიპტო დავალებების შესრულება

იცოდი, რომ უფასო კრიპტოვალუტა შეგიძლია სხვადასხვა დავალებების შესრულებით მიიღო? ამგვარ შესაძლებლობას მომხმარებლებს კრიპტო Faucet-ები სთავაზობს, რომლებიც მცირე დავალებების, რეკლამებისა და სხვადასხვა აქტივობების შესრულების სანაცვლოდ მომხმარებლებს კრიპტოს გადასცემს.

როგორც სხვაგან, ისე აქაც მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა ჩაატაროს მოკვლევა, რათა არ აღმოჩნდნენ სქემერული რისკების ქვეშ. ამგვარი თაღლითური სქემები, მომხმარებლებს სხვადასხვა ვიდეოების ყურების სანაცვლოდ ჰპირდებიან კრიპტოს გადაცემას, თუმცა დავალების შესრულების შემდგომ პირობა არ სრულდება. სწორედ ამიტომ, საჭიროა მომხმარებლებმა წინასწარ წაიკითხონ შეფასებები, გამოხმაურებები და მსგავსი აქტივობები სხვა მომხმარებლების მხრიდან, რომლებსაც მონაწილეობა უკვე მიღებული აქვთ ამ პლატფორმების აქტივობებში.

გაითვალისწინე, რომ ამგვარი პლატფორმები არ ითხოვენ შენი იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტების ატვირთვას ან რაიმე სარეგისტრაციო გადასახადის გადახდას. ასეთი მიდგომები მაშინვე მიგვანიშნებს, რომ საქმე თაღლითურ სქემასთან გვაქვს.

შეჯამება

გაითვალისწინე, ბლოგში გაჟღერებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ფინანსურ ან საინვესტიციო რჩევას. აქ ვსაუბრობთ იმ მეთოდებზე, რომლებიც მომხმარებლებს სხვადასხვა აქტივობების ნაცვლად უფასო კრიპტოვალუტას სთავაზობს, სადაც არ გჭირდება წინასწარი ინვესტირების განხორციელება და ფულის სადმე ჩადება.

ბლოგი კი მხოლოდ პირველი ნაწილია იმ მეთოდებისა, რომლის დახმარებითაც შენ უფასო კრიპტო შეგიძლია მიიღო, არ აქვს მნიშვნელობა რაიმე გამოცდილება გაქვს თუ არა კრიპტოვალუტების სფეროში.

დაელოდე მეორე ნაწილს და გაიგე, კიდევ რა გზები არსებობს კრიპტოს გამომუშავებისათვის.

Support